ლიზინგის ტერმინოლოგია. ლექსიკონი
ტერმინთა განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ლიზინგი – ლიზინგის საგნის გამცემის მიერ (შემდგომში - გამცემი) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის საგნის მესაკუთრისაგან ან მწარმოებლისაგან ლიზინგის საგნის შეძენა (ან მისი დამზადება) ლიზინგის საგნის მიმღებისათვის (შემდგომში - მიმღები) დროებით ფასიან სარგებლობაში გადაცემის მიზნით, მისი გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით;
ბ) ლიზინგის საგანი – ამორტიზაციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება;
გ) ლიზინგის საგნის საწყისი ღირებულება – ლიზინგის საგნის ღირებულება მისი გადაცემის მომენტისათვის;
დ) ლიზინგის ხელშეკრულების მთლიანი ფასი – ლიზინგის საზღაურის მთლიანი თანხა;
ე) ლიზინგის საზღაური – მიმღების მიერ გამცემისათვის პერიოდულად გადასახდელი ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა (ან ამ თანხის ღირებულების პროდუქცია), რომლის გადახდით (ან მიწოდებით) მიმღები გამცემს თანდათანობით უნაზღაურებს ლიზინგის საგნის საწყის ღირებულებასა (ლიზინგის საგნის ნარჩენი ღირებულების გამოკლებით) და ლიზინგის სარგებელს;
ვ) ლიზინგის სარგებელი – ლიზინგის ხელშეკრულების მთლიან ფასსა და ლიზინგის საგნის საწყის ღირებულებას (ლიზინგის საგნის ნარჩენი ღირებულების გამოკლებით) შორის სხვაობა;
ზ) შეღავათიანი პერიოდი – ლიზინგის საწყისი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიმღები არ იხდის ლიზინგის საზღაურს;
თ) ქველიზინგი – მიმღების მიერ მესამე პირისათვის ლიზინგის საგნით სარგებლობის უფლების გადაცემა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე;
ი) ლიზინგის საგნის გამყიდველი – ლიზინგის საგნის მესაკუთრე ან მწარმოებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ლიზინგის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს გამცემს ან მიმღებს.
ლიზინგის სახეებია:
ა) პირდაპირი ლიზინგი, როდესაც გამცემი თვითონ არის ლიზინგის საგნის მესაკუთრე ან მწარმოებელი;
ბ) კომპენსაციური ლიზინგი, როდესაც მიმღები ლიზინგის საზღაურს იხდის პროდუქციით (საქონელი, სამუშაო, მომსახურება);
გ) სერვისული ლიზინგი, როდესაც ლიზინგის ხელშეკრულება ითვალისწინებს გამცემის ან მის მიერ მოწვეული პირის მიერ ლიზინგის საგნის მართვას, დაზღვევას, საგარანტიო მომსახურებას, რემონტს და ა.შ.;
დ) სუფთა ლიზინგი, როდესაც ლიზინგის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გამცემის მიერ ლიზინგის საგნის რაიმე სახით მომსახურებას.
ბმული წყაროზე:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/16354?publication=1